თეგი: რამაზ გერლიანი

რატომ ვერ იყენებს საქართველო სრულყოფილად, ევროკავშირთან გაფორმებული სავაჭრო ხელშეკრულებით მინიჭებულ შესაძლებლობებს - მიზეზები

საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-აგვისტოში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 81.3% შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია: ჩინეთი (472.2 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (350.6 მლნ. აშშ დოლარი) და თურქეთი (295.6 მლნ. აშშ დოლარი). ამავე პერიოდში, ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე სპილენძის მადნები და კონცენტრატებია $683.8 მილიონით. ამ სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 27.5 % შეადგენს. მეორეა ფეროშენადნობები $365.1 მილიონით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 14.7 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილს აზოტოვანი სასუქები იკავებს $192.7 მილიონით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 7.7 პროცენტი). საქართველოს საექსპორტო ქვეყნების სამეულში ისევ ჩინეთი, რუსეთი და თურქეთია, ამასთან, უცვლელი რჩება საექსპორტო სამეულის წილიც. რატომ ვერ ახერხებს საქართველო ბაზრის დივერსიფიცირებას, ამ და სხვა საკითხებზე Europetime  - ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის პრეზიდენტს რამაზ გერლიანს ესაუბრა. ET: მიმდინარე წლის 8 თვეში საქართველომ უცხოეთში ექსპორტზე 3.71 მილიარდი დოლარის ღირებულების საქონელი გაიტანა. ეს თანხა წინა წელთან შედარებით 963 მილიონი დოლარით ანუ 37%-ით მეტია. სტატისტიკა აჩვენებს რომ არ იცვლება საექსპორტო ბაზრები და პროდუქცია. რა არის ამის მიზეზი? საქართველოში ექსპორტის პრობლემა სულ დგას... ეს გრძელვადიანი პრობლემაა. წმინდა ექსპორტის სახით, რეექსპორტი რომ გამოვაკლოთ, საკმაოდ ცუდი სურათი გვაქვს და ასევე უარყოფითია სავაჭრო სალდო. სურათი უფრო უარესი იყო, თუმცა ახლა 2022 წლის უარყოფითი სალდოს მაჩვენებელი 2020 წლის მონაცემს გაუტოლდა. იმპორტი ცალსახად უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე ექსპორტი. ასეთია ტრენდი. ET: როგორ ფიქრობთ, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის რომ ექსპორტის წილი გაიზარდოს? მსოფლიოს 300 ქვეყნიდან, დაახლოებით 100-თან გვაქვს სავაჭრო ურთიერთობა. მაგრამ ეს სავაჭრო ურთიერთობა არ არის მუდმივი, არის პერმანენტული და ხშირ შემთხვევაში ერთჯერადიც კია. დივერსიფიცირების ამ ნაწილში ვხედავ პრობლემას, რომ უფრო მეტ ქვეყანასთან იყოს სავაჭრო ურთიერთობები. სწორედ ამ ნაწილშია საჭირო აქტიური ეკონომიკური პოლიტიკა და სამთავრობო სექტორის როლი. გვაქვს დიდი პოტენციალი ევროპის ბაზარზე. იგივე ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო ხელშეკრულებით (DCFTA) 11 ათასამდე პროდუქტზე გვაქვს პრეფერენცია, ნულოვანი ბაჟი. თავიდან იყო GSP, ხოლო შემდეგ გახდა GSP+ როცა სავაჭრო ხელშეკრულება გაფორმდა. აქედან პრეფერენციებს ჩვენ ვიყენებთ რამდენიმე ასეულ, დაახლოებით 300-მდე პროდუქტზე. თუმცა ზუსტი ინფორმაციის მოპოვება რთულია, რადგან უწყებაც კი არ არის, რომელიც გვეტყვის, ევროკავშირის ბაზარზე DCFTA -ის ფარგლებში რამდენი დასახელების პროდუქტი გადის. ეს მაშინ, როცა ამ პრეფერენციებს გააჩნიათ ზღვრები და პირობითად, თუ რომელიმე პროდუქტზე ზღვარი 10 000 ტონაა, როცა ამ ზღვარს მიუახლოვდებით, იქიდან წამოვა კითხვა: რა ხდება საქართველოში წარმოება გაზარდა თუ რა ვითარებაა? ვალდებული ვართ ამ კითხვას ვუპასუხოთ.  ET: ამის თქმის საფუძველს რა გაძლევთ? ჩვენ ამ საკითხზე მეცნიერულად ვმუშაობდით და ვერცერთმა სტრუქტურამ პასუხი ვერ გაგვცა, რომელი პროდუქცია სარგებლობს პრეფერენციით და რა რაოდენობით გადის ევროკავშირის ბაზარზე. ეკონომიკის სამინისტრომ საგარეოსკენ გაიშვირა ხელი, საგარეომ სტატისტიკისკენ და „ვიტრიალეთ“ წრეში. ამ 11 ათასი დასახელების პროდუქტიდან, პრეფერენციას რამდენზე ვიყენებთ, ამაზე პასუხის გამცემი სტრუქტურა არ არის. სწორედ ესაა ერთ-ერთი მთავარი საკითხი ამისთვის, რომ ბაზრის დივერსიფიკაცია მოხდეს, რადგან ევროპული სივრცე ბევრ ქვეყანას მოიცავს. ET: ჩინეთი, რუსეთი, თურქეთი მაღალი სავაჭრო აქტივობა ექსპორტის კუთხით. რუსეთის ფაქტორს გამოვყოფდი. როგორ ფიქრობთ, რა რისკებს შეიცავს ეს ბაზარი? რუსეთთან მიმართებით ყოველთვის არსებობს რისკი. ამ ქვეყანას ჩვენი ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული. ამიტომ, რუსეთს თუ დამატებითი ეკონომიკური ბერკეტი ექნება, ეს პოლიტიკური გავლენის თვალსაზრისით, რისკების მატარებელია. არა მხოლოდ იმიტომ, რომ რუსეთი აგრესორია, არამედ ნებისმიერ სხვა ცივილიზებულ ქვეყანასთანაც კი არ უნდა გვქონდეს ისეთი მაღალი დამოკიდებულება სავაჭრო პარტნიორობის თვალსაზრისით, როგორიც გვაქვს რუსეთთან. სავაჭრო ბრუნვა ამ ქვეყანასთან წლიდან-წლამდე იზრდება და ეს ნეგატიური მოვლენაა, საგარეო-სავაჭრო პოლიტიკის შეფასების თვალსაზრისით. ეს ქვეყანა არასანდო პარტნიორადაა ცნობილი და მეორე მხრივ, რუსეთი არ უწყობს ხელს წარმოებას და უწყვეტ მიწოდებას და ბევრ შემთხვევაში ჩავარდნები ახასიათებს. ეს არ არის ის სტანდარტი, რომლისკენაც უნდა მიისწრაფოდეს ქართული წარმოება. ET: ადგილობრივი წარმოება რამდენად აკმაყოფილებს იმ სტანდარტს, რომ ევროკავშირის ბაზარზე გავიდეს? ქართული წარმოება პრაქტიკულად არ გვაქვს. საექსპორტო ათეულშია ძირითადად ნედლი მასალები, ნახევარფაბრიკატები. რასაც საბოლოო პროდუქტის სახე აქვს მიღებული ესაა ღვინო, წყალი და ა.შ. რაც ხაზს უსვამს იმას, რომ პრობლემები გვაქვს წარმოების ნაწილში. პრინციპში, ჩვენ გატანის პრობლემა არ გვაქვს, მთავარია პროდუქტი იწარმოებოდეს. ამ შემთხვევაში წარმოების ხარისხიც მნიშვნელოვანია. თუმცა ადგილობრივ დონეზე, ეკონომიკური პოლიტიკაც არ არსებობს, რომელიც წარმოების მიმართულებით საბაზრო ეკონომიკასთან „შეერთდებოდა“ და დაძრავდა ვითარებას. იგივე შეიძლება ითქვას, საგადასახადო ნაწილში და საკრედიტო სისტემასთან მიმართებაში. ჩვენთან გადასახადები ნაკლებია, მაგრამ რეალურად თუ ავიღებთ საბანკო პროცენტსა და გადასახადებს, ერთად ძალიან დიდი საგადასახადო ტვირთი გამოდის. ამ კუთხით, ჩვენ ჩამოვრჩებით ევროპის ყველა ქვეყანას და მათ შორის აზიის ქვეყნებსაც. ამ საკითხს ანალიზი და გააზრება სჭირდება. ET: კიდევ რა არის იმის მიზეზი, რომ ევროპის ბაზარზე პოზიციებს ვთმობთ? მეორე, რის გამოც ჩვენ ევროპულ სივრცეში ვთმობთ სავაჭრო პოზიციებს, ესაა ჩვენი ეროვნული ვალუტის არასტაბილურობა. კურსის გაუარესება სტაბილური ბაზრებთან გვაშორებს და ვინაცვლებთ ნაკლებად სტაბილური ბაზრებისკენ, რომლებიც მეზობლადაა და არასტაბილური სავალუტო ვითარება ახასიათებთ. სავალუტო რყევებია რუსეთის და თურქეთის სავალუტო სივრცეებშიც. ჩვენს ვალუტასთან მიმართებით, ამ ქვეყნების ვალუტების კურსი კიდევ უფრო უარესდება. მათთან პროდუქტი იაფდება და ჩვენ იმპორტის ნაწილში უფრო მეტად ვებმებით. საქართველოს საექსპორტო საქონლის ათეული 2022 ელის იანვარ-აგვისტო: სპილენძის მადნები და კონცენტრატები - $684 მლნ, მატება წინა წელთან 37%; მსუბუქი ავტომობილები - $491 მლნ, მატება წინა წელთან 67%; ფეროშენადნობები - $372 მლნ, მატება წინა წელთან 40%; აზოტოვანი სასუქები - $193 მლნ, მატება წინა წელთან 239%; ღვინოები - $146 მლნ, მატება წინა წელთან 1%; სპირტიანი სასმელები - $92 მლნ, კლება წინა წელთან 2%;) ელექტროენერგია - $74 მლნ, მატება წინა წელთან 398%; მედიკამენტები - $67 მლნ, მატება წინა წელთან 6%; მინერალური და მტკნარი წყლები - $67 მლნ, კლება წინა წელთან 28%; ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები - $60 მლნ, მატება წინა წელთან 125%. (საქსტატის მონაცემები)   

ევროპის ქვეყნებს რომ მიუახლოვდეს, ორნიშნა ეკონომიკური ზრდის შემთხვევაშიც კი, საქართველოს, დაახლოებით 15-20 წელი დასჭირდება - ეკონომისტი

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) შეფასებით, 2022 წელს საქართველოში 8.98%-იანი ეკონომიკური ზრდაა მოსალოდნელი. უფრო მაღალ ეკონომიკურ ზრდას IMF -ი 2022 წელს კიდევ 9 ქვეყანაში პროგნოზირებს. IMF-ის პროგნოზით, 2022 წელს ყველაზე მეტად გაიანას ეკონომიკა  (57.8%) გაიზრდება. მეორეა ფიჯი - 12.5%, მესამე - სეიშელი - 10.9% %; შემდეგ -  ბარბადოსი - 10.5%; სენტ-კიტსი და ნევისი - 9.8% ; ერაყი - 9.3%; სენტ-ლუსია - 9.1% ; ირლანდია - 9.0%; საქართველო - 8.98% ; მალდივები - 8.7%. IMF-ის მიმოხილვის თანახმად, საქართველოს მეზობელი ქვეყნებიდან 2022 წელს ყველაზე მეტად სომხეთის ეკონომიკა (7%) გაიზრდება. ამ მაჩვენებლით, სომხეთი მსოფლიოში მე-19 ადგილზეა. მიმდინარე წელს აზერბაიჯანის ეკონომიკა – 3.7%-ით, თურქეთის ეკონომიკა კი 5%-ით გაიზრდება. რას ეფუძნება საქართველოსთან მიმართებით საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზი და რა ფაქტორების გავლენით იზრდება ქვეყნის ეკონომიკა, ამ და სხვა საკითხებზე Europetime  - ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის პრეზიდენტს რამაზ გერლიანს ესაუბრა. ET: რას ეფუძნება საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზი, საქართველოს ეკონომიკურ ზრდასთან მიმართებით, როცა წლის დასაწყისში მთავრობა და ეროვნული ბანკი, უფრო დაბალ ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებდა? ესაა ის რეალური ციფრი, რისი პროგნოზის საშუალებაც აქვს სავალუტო ფონდს. ეკონომიკური ზრდა პოზიტიურია, მაგრამ საქართველოს შემთხვევაში არაა საკმარისი იმისთვის, ქვეყანაში მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა მაღალ ეკონომიკურ ნიშნულზე გვქონდეს. რეალურად თუ დავაკვირდებით 90-იანი წლების შემდეგ, საქართველოს ეკონომიკის ისტორიას, ჩვენი ეკონომიკის მოცულობა 2016-17 წლებში გაუტოლდა საქართველოს 90-იანი წლებში არსებულ ეკონომიკის დონეს, რადგან ქვეყნის ეკონომიკა, საკმაოდ დაბალი ტემპით იზრდებოდა. დაახლოებით 30 წლის შემდეგ, იმ ადგილზე ვართ, სადაც 30 წლის წინ ვიყავით. ამიტომ, ჩვენისთანა ქვეყნისთვის ეს პროცენტული მაჩვენებელი გასაკვირი არ უნდა იყოს. მაღალი ეკონომიკური ზრდა ფიქსირდება, მაგრამ აქვეა პესიმისტური სცენარიც, რომ შესაძლოა, ეკონომიკა 5%-ის ფარგლებში გაიზარდოს და ძალიან დაბალი ალბათობაა იმისა, რომ 2023 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდა ორნიშნა იყოს. ET: ევროპის ეკონომიკა რეცესიაშია, სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით საქართველო ლიდერია. ამ შემთხვევაში რატომ არის თქვენი შეფასება პესიმისტური? თუ საქართველოში ეკონომიკური ზრდა ორნიშნა არ არის, ეს ჩვენთვის, მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის კუთხით, მაინც ძალიან დაბალი მაჩვენებელია. თუ ამ ეკონომიკური ზრდის პირობებში სიღარიბის მაჩვენებლებს გადავხედავთ, მოსახლეობის შემოსავლების გაზრდას, ეკონომიკური ზრდა ვერ გამოიწვევს, რადგან ინფლაციის საპროგნოზო მაჩვენებელი მაღალია. ცნობილია, რომ  წლის ბოლომდე და 2023 წლის პირველ ნახევარში  ორნიშნა ინფლაცია გვექნება. რაც იმას ნიშნავს, რომ ის ეკონომიკური ეფექტი, რაც ქვეყნის  ეკონომიკის ზრდის შემთხვევაში უნდა გამოიკვეთოს ინფლაცია „მიითვისებს“ და მოქალაქეებისთვის ხელშესახები ვერ გახდება. ET: საქართველოს ეკონომიკური ზრდის შეფასებისას რა კომპონენტებზე კეთდება აქცენტი?  როცა ჩვენ ეკონომიკურ ზრდას ვითვლით, აქ რამდენიმე კომპონენტი იკვეთება: ესაა შინა მეურნეობების ხარჯები, ერთ-ერთი კომპონენტია სახელმწიფო შესყიდვები და ასევე მნიშვნელოვანია რამდენია წმინდა ექსპორტი. ვინაიდან ჩვენთან მყარდება ლარი და უფასურდება დოლარი, ეს დადებითად წაადგება ეკონომიკური ზრდის ციფრობრივ მაჩვენებელს. რაც შეეხება სახელმწიფო შესყიდვებს, ეს ნაწილი პრობლემატურია, რადგან მხოლოდ რამდენიმე კომპანია იღებს აქედან ბენეფიტებს. ამ კომპანიებში დასაქმებული ქვეკონტრაქტორები პრაქტიკულად, მოგება-ზარალის ზღვარზე გადიან. შესაბამისად, ამ მოქალაქეებსა და სუბიექტებზე ეკონომიკური ზრდა ვერ აისახება, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს მიერ გახარჯულ ფინანსებს, ჩვენ ეკონომიურ ზრდად აღვიქვამთ. თუნდაც ის, რომ ბიუჯეტი წლიდან-წლამდე იზრდება ნომინალში, ესეც ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელში მონაწილეობს. არის კიდევ მრავალი ფაქტორი, რომელიც ინკლუზიურსა და ხელშესახებს ვერ ხდის ეკონომიკურ ზრდას. ინკლუზიურობის პრობლემა საქართველოში ეკონომიკურ ზრდას ყოველთვის ჰქონდა და განსაკუთრებით ბოლო წლებში ეს პრობლემა დღის წესრიგში ისევ აქტუალურია. კერძოდ, მოქალაქეებზე ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი თანაბრად ვერ აისახება. ET: თქვენი შეფასებით, აღმავალი ეკონომიკური ტრენდის შემთხვევაში, როდის გახდება შესაძლებელი, რომ საქართველო ეკონომიკური კეთილდღეობის კუთხით, ევროპის ქვეყნებს მიუახლოვდეს? საქართველო ეკონომიკური ზრდის კუთხით არის მსოფლიო ქვეყნების ათეულში, მაგრამ ჩვენი ეკონომიკის 8,98% -იანი ზრდა არ ნიშნავს იმას, რომ ეს მეტია გერმანიის ან ევროპის რომელიმე ქვეყნის ეკონომიკის 1,5%-იან ზრდაზე. ჩვენ ვიმყოფებით ექსტენსიური და არა ინტენსიური ეკონომიკური ზრდის ფაზაში. ინტენსიური ზრდა ნიშნავს, როცა ტექნოლოგიები პიკურადაა განვითარებულია და ყველა ფაქტორი გამოყენებულია და ეკონომიკური ზრდა მაინც ძველ ნიშნულზე ფიქსირდება. ჩვენ ექსტენსიური ფაქტორებიც კი არ გამოგვიყენებია. პირობითად მიწაც კი არ არის ათვისებული. ამ ფონზე, ნებისმიერი პატარა მოქმედებაც კი ეკონომიკური ზრდის დიდ პროცენტულ მაჩვენებელს გვაძლევს. სწორედ ესაა პრობლემა, რომ 8,98%-იანი ზრდა ეფექტს ვერ გვაძლევს, ვინაიდან, ჩვენი ეკონომიკა ექსტენსიური ზრდის ფაზაშია. ეკონომიკური ზრდის ეს მაჩვენებელი საქართველოს შემთხვევაში დაბალია. ეკონომიკური ზრდა რომ ყოფილიყო 3% და ვყოფილიყავით ინტენსიური ზრდის ფაზაში ეს ზრდა, მაღალ მაჩვენებლად შეფასდებოდა. ყველაფერი ფარდობითია და შესადარი, როცა ეკონომიკაზე ვსაუბრობთ. თუნდაც, ეკონომიკური ზრდის ორნიშნა ტრენდით რომ ვიაროთ, დაახლოებით 15-20 წელი გვჭირდება, რომ ევროპის ქვეყნებს მიუახლოვდეთ.